ძველი წისქვილის ქვა

           

ძველი წისქვილის ქვა

სამუშაო დღე დამთავრდა. ვიფიქრე, კიდავ დავრჩები და ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ გადავწყვიტე სახლში დაბრუნება და ჩამი გაბრიელის ნახვა.  გარეთ გავედი და ვხედავ,  ტაქსი მოდის.  სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გამასწრო. მომიწია საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასვლა. ავტობუსიდან რომ გადმოვედი, ზუსტად იმ წამს წვიმა წამოვიდა. მეგონა, ეს ყველაფერი ჩემს ჯინაზე ხდებოდა. პენთ ჰაუსში გაბრაზებული ავედი. ოთახში რომ შევედი, დამლაგებელს გაბრაზებულმა მივაჩეჩე ხელებში ჩემი სველი ქურთუკი. ცოტა ხნით გავჩერდი და ღრმად შვისუნთქე და ამოვისუნთქე ჰაერი. გავიღიმე და ჩემი ვაჟის ოთახში შევედი. გაბრიელი აჩქარებით ალაგებდა ჩემოდანს. როცა შემამჩნია, ჩემკენ გამოიქცა და წელზე შემომეხვია:   -მადლობა ძვირფასო მამიკო, მადლობა!

მერე ხელები გამიშვა და ჩემოდნის ჩალაგება განაგრძო. მე გაოცებისაგან პირდაღებული შევცქეროდი ჩემი შვილის სწრაფ მოძრაობებს. ოთახში მეუღლე შემოვიდა. მე მას შევხედე და ახსნა განმარტება მოვთხოვე:

-რა ხდება?

-რა და ხვალ მე, შენ და გაბრიელი შენს სოფელში მივდივართ.

-ძალიან სასაცილოა. ახლა კიდევ სერიოზულად მითხარი, რა ხდება?

-მე სრულიად სერიოზულად გელაპარაკები.

პირი დავაღე. არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ მალე გონება მოვიკრიბე და ვუპასუხე:

-ეს შეუძლებელია! მე ხვალ ვმუშაობ!

-მე უკვე დაველაპარაკე შენს უფროსს და მან მითხრა, რომ  პრობლემა არ არის.

-რააა?! გთხოვ, ჩემს ოთახში ვილაპარაკოთ!-ეს ვუთხარი და ბავშვის ოთახის კარი გამოვკეტე. ჩემს ოთახში შევედით, კარი მივაჯახუნე და საწოლზე მჯდარ მეუღლეს სკამით წინ დავუჯექი.

-ვერ გავიგე, ჩემი ნებართვის გარეშე რატომ ამიღე დასვენება?!

-იმიტომ რომ ვიცოდი, უარს  მეტყოდი, ჩვენს შვილს კი სუფთა ჰაერი სჭირდება, ისეთი, როგირიცაა შენს სოფელში.

-გაბრიელი უკვე ცამეტისაა და სოფელში ცხოვრება ან თუნდაც დროებით დარჩენა პატარებისთვისაა.

-საიდან მოიტანე?

-აი, ამას უკვე ვერ გეტყვი. მისმინე, დღეს ისედაც ცუდი დღე მქონდა და მოდი, ეს საკითხი ხვალ გავარჩიოთ.

ჩემი მეუღლე ოთახიდან გავიდა.  ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ მალე ჩამეძინა.

უცბად ჩემი შვილის ხმა გავიგე. თვალების გახელაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემი გაბრიელი მუცელზე დამახტა და ჩამეხუტა:

-მადლობა, კიდევ ერთხელ, მამიკო, მადლობა!

მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გაბრაზებული სახით შევხედე ჩემს ცოლს. იგი გაღიმებული  შეჰყურებდა ჩვენს შვილს. როცა იგი იღიმოდა, მეჩვენებოდა, რომ  ჩემ წინ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, სილამაზის ქალღმერთი იდგა. სახეზე ღიმილი გამომეხატა, ვერ შევძელი გაბრაზება და  გაბრიელს ვუთხარი:

-თუ ჩემოდანი ჩალაგებული გაქვს, შენს ოთახში დამელოდე.

ბავშვს ძალიან გაუხარდა და ოთახიდან გავარდა. მერე ჩემს მოსამსახურეს ვუთხარი,, ჩანთა ჩამილაგე-მეთქი.

ჩვენ მალე მოვწესრიგდით და გზას გავუდექით. გაბრიელი მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა. ვფიქრობდი, პლანშეტი ხომ არ მივცე და იმაზე ხომ არ უყუროს რამეს, ასე თავი არ ასტკივდეს-მეთქი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, მთელი მგზავრობა ჩუმად ვიჯექი. სოფელი შორს არ იყო, ამიტომ გზაში სულ რაღაც ერთი საათი გავატარეთ. მანქანა რომ გაჩერდა, ბიჭი პირველი გადმოვიდა  და პირველი შევარდა სახლში. სახლი არც დიდი იყო და არც პატარა , არც ძველს ჰგავდა. აივნის მოაჯირი სულ ორნამენტებით იყო მოჩუქურთმრბული, სახურავი ამოყირავებულ მერცხლის ბუდეს წააგავდა. მე ვიცანი ეს სახურავი.

შიგნით რომ შევედით, მართალს ვიტყვი, სულ სხვა შთაბეჭდილებებს მოველოდი,  მეგონა, ფეხს იატაკზე რომ დავდგამდი,  ჩატყდებოდა და სადღაც ჩავვარდებოდი, მაგრამ არა, ეს სრულია ჩვეულებრივი სოფლის სახლი იყო. მისაღებში შევედი, იქ გაბრიელიც იყო. მან ყველა ოთახი ცნობისმოყვარეობით მოიარა, არც ერთი კუთხე-კუნჭული არ გამორჩენია, ყველაფერი დაათვალიერა. ჩემმა ცოლმაც შეიხედა ზოგიერთ ოთახში და საძინებელი რომ იპოვა, საწოლების გაშლას შეუდგა. საერთოდ ჩემი მეუღლე სახლშიც თვითონ აკეთებს ყველაფერს, საჭმელსაც თვითონ აკეთებს, საწოლსაც თვითონ ალაგებს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამსახურეც გვყავს. ხო, აგერ თურმე ვის დაემსგავსა ჩემი საწყალი შვილი.

ამ მომზადებაში და დალაგებაში მთელი დღე გავიდა. ყველა დაიღალა: მეც, ჩემი ცოლიც და გაბრიელიც. სახლში ორი საძინებელი იყო, ერთში გაბრიელი დავაწვინეთ, მეორეში კი მე და ჩემი ცოლი დავწექით. თითქმის მთელი ღამე იმაზე ვფიქრობ,რატომ წამოვედით აქ მოსამსახურის გარეშე , მაგრამ ახლა იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ წესიერად ფიქრის თავიც კი არ მქონდა. დაახლოებით სამისკენ ჩამეძინა.

ყველაფერი სწრაფად მოხდა. დილა გათენდა .  მამლის ყივილმა გამაღვიძა, სულ დამვიწყებია, რომ სოფელში მამლებიც ცხოვრობენ. ეს ჩემთვის მიუჩვეველი იყო, ადრე სულ ჩემი ტელეფონის ხმა მაღვიძებდა, ამიტომ საწოლიდან უცბად წამოვხტი. გაბრიელს და ჩემს მეუღლეს უკვე ეღვიძათ. ავდექი და ტანზე ჩავიცვი. სამზარეულოდან უგემრიელესი სუნი გამოიოდა, იქ ჩემი ცოლი ბლინებს აკეთებდა. გაბრიელი უკვე მაგიდასთან იჯდა და საჭმელს  ელოდებოდა:

-დილა მშვიდობის, მა.

-დილა მშვიდობის. კარგად გეძინა?

-კი. იცი რა მაგარი სიზმარი ვნახე? დამესიზმრა, თითქოს მე, შენ და დედა აქ ვცხოვრობდით და ყოველდღე ტყეში მივდიოდით სასეირნოდ.

-გასაგებია. შენ როგორ გეძინა, ნინო?

-მეც კარგად, მადლობა. ისე, საჭმელი მზადაა.

-მადლობა, დე!

-გაბრი, დედიკო, დააცადე, სანამ გაცივდება.

-კაი. მა, შეიძლება საუზმის მერე სასეირნოდ გავიდე?

-კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ძალიან შორს არა.

-კაი, მადლობა.

მიპასუხა და ბლინი პირში ჩაიტენა.

-გაბრიელ, ნელა ჭამე!- შენიშვნა მისცა ნინომ. ბიჭმა თავი დაუქნია და ლუკმა ძლივს გადაყლაპა. მან ერთი ბლინის მეტი არაფერი  ჭამა.

-შვილო, მეტი აღარ გინდა?

-არა, დე, მადლობა, ძალიან გემრიელი იყო. პაკა!

-შორს არ წახვიდე!-მიაძახა მეუღლემ და მაგიდის ალაგება დაიწყო. მე ჩვენს საძინებელში შევედი, რომ დისტანციურად მაინც მემუშავა.

დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ერთი საათი ერთ წუთად მეჩვენებოდა. კარი გაიღო და ოთახში გაბრიელი შემოვიდა, ხელში უცნაური ფორმის ქვა ეჭირა. ფეხები სულ ნაკაწრებში და ტალახში ჰქონდა.  გამიკვირდა და ვკითხე:

-ეს ქვა რაში გჭირდება?

-მამიკო, ვერ წარმოიდგენ, რა შემამთხვა. დანგრეული წისქვილი ვიპოვე და  ეს ქვა იქ ეგდო.

-შვილო, ეგ ქვა რაში გჭირდება?  რასაც გინდა, იმას გიყიდი, პლანშეტს, ტელეფონს, ლეპტოპს, საერთოდ ყველაფერს, ოღონდ ეგ ქვა გადააგდე.

-არა! ეს ქვა ჩემთვის ძალიან ძვირფასია! არ გაბედო ჩემი ქვის გადაგდება!

-როგორ  ბედავ ჩემთვის ხმის აწევას!

წყობიდან გამოვედი, ჩემთვის ადრე არავის  უყვირია, მით უმეტეს, ჩემს შვილს. ავდექი, ქვა გამოვართვი, გარეთ გავვარდი და მოვისროლე. გაბრიელი სირბილით გამომყვა და უფრო ხმამაღლა დამიყვირა:

-უწესობაა! შენ სულ მიმეორებდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენი არ მოიშალო და მიზანს მიაღწევ. შენ ჩემს მომავალზე ფიქრობ და იმაზე არ გიფიერია, რომ მე ნორმალური ბავშვობა მინდა! არ შეიძლება სულ შენს სამსახურზე და მომავალზე იფოქრო, ხანდახან რეალობაშიც უნდა დაბრუნდე, ხანდახან მეც უნდა მომაქციო ყურადღება და კვირაში ერთხელ მაინც უნდა მეთამაშო! ასე არ შეიძლება!

ჩუმად ვიჯექი, ვერაფრის თქმა ვერ გავბედე. გაბრიელი აცრემლებული თვალებით შევარდა და საძინებლის კარი მოიჯახუნა. კარის ხმა ჩემს ყურებში ექოდ გაისმა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა გამიარა. ვერანაირი წამება ვერ შეედრებოდა ამას.  ავდექი და სწრაფი ნაბიჯით წავედი იმ ადგილისკენ, სადაც ქვა გადავაგდე. ეს შორი არ იყო, რადგან ვერ მოვახერხე მძიმე ქვის შორს სროლა. იგი მალე ვიპოვე, დავიკუზე და წარწერა წავიკითხე, აი, ზედ რა ეწერა: „მამიკო, გეფიცები, რომ არასოდეს არ დავტოვებ ამ ადგილს, რაც არ უნდა მოხდეს მე სულ მემახსოვრება აქაურობა, გეფიცები, რომ აღვადგენ ამ წისქვილს და სულ მექნება ეს ქვა ჩემი ფიცის სამახსოვრიდ. შენი შვილი გიო.” უცბად თვალწინ მთელი ჩემი ბავშვოდა  გადამეშალა. ისე ნათლად გამახსენდა ის დღე, როდესაც ეს წარწერა ამოვკაწრე, თითქოს ყველაფერი გუშინ მომხდარიყო. მე გავიაზრე ის, რასაც მრავალი წელი ვერ ვხვდებოდი: ჩემი შვილი კი არა, მე ვცხოვრობდი არასწორად.

ავდექი, ქვა ავიღე და სახლისკენ გავაშურე. გაბრიელის ოთახში შევედი, იგი მაგიდასთან იჯდა, ქვა გვერდზეე დავუდე. მან აცრემლებული თვალებით შემომხედა. არაფერი  მითქვამს, უბრალოდ გავედი ოთახიდან.

მეორე დღეს სახლში წავედით. გაბრიელმა ქვა თან წამოიღო. დილა რომ გათენდა, მე ჩვეულებრივ წავედი სამსახურში, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი, ვეღარ ვმუშაობდი. იმ დღეს სამსახურიდან ადრე წამოვედი და სათამაშოების მაღაზიაში შევიარე. სახლში რომ შევედი, გაბრიელი ტახტზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.  გაკვირვებული იყო ასე ადრე რომ მოვედი და თან პარკებით ხელში. მალე გაკვირვება გახარებამ შეცვალა. ბავშვი ჩემკენ გამოიქცა და ხელები წელზე შემომხვია. მთელი საღამო მე და გაბრიელი სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით, ღამით კი პარკში გავისეირნეთ.

ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ჩემს ცხოვრებას ძველი წისქვილის ქვა შეცვლიდა.

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *