ვწერთ ჩანახატს

ქარი ქრის…

დილით ქარის ძლიერმა ხმამ ჩემში გაიარა და გამომაფხიზლა. გავემზადე და გავედი გარეთ.

გარეთ ქარია,ყველაფერი არეულია, ჰაერში თითქოს ფერადდაკარგული ფოთლები აქეთ იქეთ იფანტებიან, როგორც გზააბნეული ფიქრები. მეც მივდივარ, მივდივარ,მაგრამ არ ვიცი, სად ან რატომ. უბრალოდ მივყვები ქარის უზარმაზარ ტალღებს და მივდივარ იქ, საითაც მისი გზა მიდის. მაგრამ იქნებ საჭიროა, რომ ქარს შევეწინაამღდეგოთ? მეტიც, ვიდრე საჭირო, იქნებ ეს აუცილებელია? განვაგრძობ, როგორც ფიქრს ისევე გზას. მაგრამ მე კვლავ არ ვიცი, თუ სად მივდივარ. იქნებ ჩვენც იმ ფოთოლგანი ვართ, რომლებიც უგზოუკვლოდ მიჰყვებიან ქარის უსასრულო გზას. მაგრამ მათი ბედი ხომ უკვე დაწერილია ამით და იმ საბოლოო შედეგს ვეღარ შეცვლიან ისინი.

ქარი ქრის…

ქარი ქრის…

ქარი ქრის…

მან უკვე ყველაფერი დაიმორჩილა, მაგრამ არა ყველა. მოვბრუნდი და მიუხედავად ძლიერი ქარისა, გადავწყვიტე, წავსულიყავი ჩემს საკუთარ გზაზე და დამეწერა ჩემი მომავალი ჩემივე ხელით.

მე ჩემი გზა ავირჩიე.

ნიკოლოზ კანდელაკი

საით

ნაწვიმარია.

გუბეში ნელ-ნელა ეცემა მზისფერი ჩხაკუნა ფოთლები.

წითელი საწვიმარი მაცვია და ქარის ხმას მივყვები.

მეჩურჩულება ნაზად, თუმცა არ მესმის მე მისი.

ნეტავი ახლა რომელ გუბესთან მიმიყვანს იგი?

ტასია მაისურაძე

ვერ შეაჩერებ

ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. მიდის შორს და შენ არ იცი, როდის დაბრუნდება.

ეჰ, ნეტავ შემეძლოს აგვისტოს გაჩერება, რომელიც სექტემბრისკენ მიიწევს. მაგრამ მას უყვარს ის: აგვისტოს უყვარს სექტემბერი და მას შენ ვერ შეაჩერებ!

სექტემბერს მოაქვს ქარი. ქარს მიაქვს სითბო, ხის ტოტებზე ამწვანებული ფოთლები და კიდევ ბევრი რამ…

ქარი ქრის და შემოივლის ყველაფერს. შენ არ გაქვს ძალა, ქარი რომ გააჩერო. ქარს ისიც მიაქვს , რაც შენ ასე ძალიან გიყვარს .

მიაქვს ერთი ერთი მიმართულებით , ჯიუტად.

ქარი აყვითლებს ფოთლებს და ძირს ყრის. მეც ერთი იმ ყვითელი ფოთოლივით ვარ, შენ კი ქარს მიჰყვები.

ნუთუ ვერ ხვდები , რომ მჭირდები?

ენი (ერთი ნ-თი)

წითელი ფრანი

გავიქეცი, ისე სწრაფად, უკანმოუხედავად…ვიგრძენი, როგორ დაიწყო ჩემმა გულმა გამალებით ცემა,სადაც იყო საგულედან ამომვარდებოდა. წკრიალა,ზღვისფერ ცაზე წითელი ფრანი მიქროდა, მე კი მას მივდევდი. ისე მწყუროდა მისი დაჭერა, წამითაც არ დავნებებულვარ. თვალებით ფრანს ვუყურებდი, გული კი მთელ სამყაროს ათვალიერებდა. დაბზარული, გალეული, რუხი, ხის ფანჯარაზე თეთრი მტრედები ჩამწკრივებულიყვნენ, მალინისფრად შეღებილი კედლის გვერდით ხანში შესული ბებო და ბაბუ ისხდნენ, გვერდიგვერდ იყვნენ ატუზულები , ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ ერთმანეთს ამღვრეული თვალებით ათბობდნენ. წინ ფერად-ფერადი, ნაირ-ნაირი ყვავილები ეფინა გასაყიდად. ყვავილების სიტკბოება სულში თბილად ჩამეღვარა და კიდევ უფრო სწრაფად გავიქეცი, კიდევ უფრო გახშირდა ჩემი გულისცემა. ჩემი ტოლი ბიჭი დავინახე ,თონის პურები ძველებურ, შავ-თეთრ გაზეთზე დაედო და ყიდდა, ისეთი სურნელი ჰქონდა, კინაღამ სულ დამავიწყდა ჩემი წითელი ფრანი. კუთხეში ბაბუ შევამჩნიე, გაჭაღარავებული, მხრებჩამოყრილი, ხელები ერთიანად დანაოჭებული და დამჭკნარი, ფანდურზე უკრავდა. უკრავდა, მაგრამ როგორ უკრავდა-მთელი გულით და სულით . თან წაიღიღინებდა ხოლმე, ხმას ააყოლებდა სიმებს. ხალხი უღიმოდა, ზოგი მოღუშული აუვლიდა გვერდს, რამდენიმე შემოწირულობასაც იღებდა, ბაბუს თვალები უციმციმებდა და მაშინვე მადლობის ნიშნად გაბადრული თავს უკრავდა.  წითურმა ბავშვმა ჩამიქროლა, მზემ თმა ალისფრად აუგიზგიგა  და მაშინვე თვალში მომხვდა , ვიფიქრე, ესეც ჩემს ფრანს ხომ არ მისდევს -მეთქი, მაგრამ არა , აშკარად დაჭერობანას თამაშობდა სხვებთან ერთად. ცაში ავიხედე და… სადღაა ჩემი სანუკვარი წითელი ფრანი, რომელიც კინაღამ დავიჭირე. თვალები გავახილე, წამწამები დავაფახურე, წამოდგომა ვცადე- ისევ ხეიბარი ვიყავი.

ნეტავ ოდესმე თუ გახდება წითელი ფრანი ჩემი?!

ანი ზუმბულიძე

IX კლასი

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *