კატეგორია: ჩანახატი

  • ეს გაზაფხულიც მოვა…

    ეს გაზაფხულიც მოვა…

    სუსხიანი ზამთარი. დრო ყინვისა და სევდისა. ხეები მთებს მისტირიან, მთები-მინდვრებს, მინდვრები- ყვავილებს.

    ყველა ერთმანეთს დასტირის, არ არის სიცილი, აღარ ხარობენ ყვავილები, ხეები ვეღარ ეჩურჩულებიან ერთმანეთს , მთა კი თეთრი , მძიმე ტვირთით იცავს საძმოს.

    დიდხანს გაგრძელდება ასე , სანამ მოვა ის ერთი არსი-სიცოცხლის დრო, როცა ბავშვის სილაღე უბრუნდება მცენარეებს- ახალგაზრდები ყვავილობენ, მოხუცი მუხები კი თითქოს კმაყოფილები არიან, რომ კიდევ იხილეს იგი .

    მთა ტვირთს იცილებს და შეჰხარის საძმოს, ყვავილები ერთმანეთს შესცინიან, ფრინველები ტკბილი ჰანგებით ამკობენ სამყაროს. ბუნების მახარობლებს ცეკვა-თამაში გაუმართავთ-აღდგა სანატრელი ოქროს ხანა.

    აი, ასეთია გაზაფხული. მოდის და მოაქვს იმედი, მოდის და აღვივებს მას , რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წყაროა სიცოცხლის ხალისისა და სილაღისა.

    მარიამ დავითაძე

    XIII კლასი

    „გაზაფხულია მაინც ასეთი…“

    განათდა ცა, გაიფანტა ზამთრის ბურუსი. ყველგან სიცოცხლის ჟრიამული ისმის. მზის ნაზი, თბილი სხივები მითბობს გაყინულ ხელებს.

    ვდგავარ მოვარდისფრო ხეების წინ და მახსენდება ჩემი ბავშვობა, წინა გაზაფხულები: როგორ ველოდებოდი ზის პირველ სხივებს, პირველ მერცხალს, პირველ კვირტებს…

    მახსოვს აჭრელებული ფურცლები. ჩემი ორსტროფიანი ლექსები, დედის ღიმილი და ბედნიერი სახე.

    თბილი სიო მიბერავს სახეში. ამთქნარებს ბუნება, იზმორებიან ხეები, გამოჩნდნენ ციყვები, მერცხლები, ფუტკრები, ამოყვეს თავი იამ და ენძელამ. აბიბინდა, შეიღება, განათდა, გაბრწყინდა სამყარო. ..

    შემოქმედი

    როცა სტუმარი მოდის, ყველას გვიხარია და ვცდილობთ, სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ. აი გაზაფხულიც გვესტუმრა-მოიყოლა ია, ხან ქარი ჩაიქროლებს, ხან ყვავილების ტკბილი სუნიც მოვა.
    ეს გაზაფხული ხელცარიელი არასდროს მოდის. სულ საჩუქრითაა. მაგრამ ჩვენც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მისი მოსვლა ჩვენთვის უკვე საჩუქარია.
    დილას ადრე ავდგები, გავიხედავ ფანჯარაში და ვხედავ : მარჯვნივ -ყვავილები, მარცხნივ კიდევ მარტოსული ია. იასთან მივა ბიჭუნა, მოწყვეტს და დედას მიუტანს.
    დედა…
    დედაზე ძვირფასი არაფერია.
    დედის კოცნა და ალერსი ყველაფერზე ტკბილია.
    დედა ერთია, როგორც სამშობლო. საერთოდ, ყველაფერი ძვირფასი ერთია.

    დედა გაზაფხულივით მშვენიერია, ზაფხულივით ტკბილია,ზამთარივით ჭკვიანი და შემოდგომასავით დინჯი.

  • ჩემი გალაკტიონი

    ჩემი გალაკტიონი

    ყოფნა

    ოჰ, რა რთული ყოფილა, ბევრისთვის სანატრელი, ადამიანად მოვლენა ამ ქვეყანაზე. ჩვენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, თუ როგორი მწარეა ყოფა ადამიანისა.ზამთრის ცივ ღამეს, დათოვლილ ქუჩებში, კიბეებზე მიძინებული პატარა ბავშვები ,რომელთა ერთი ციდა გაყინული ხელები ფიფქებითაა დაფარული. ხალხი ,რომელიც ხმას ვერ იღებს, შიშით რომ დღეს თუ ხვალ სახლში შეუვარდებიან და ცოლ-შვილს ამოუჟლეტენ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ, ნერვიც არ შეუტოკდებათ, მათში ადამიანობის ნატამალიც ვერ გაიღვიძებს, ვერასოდეს. ვინ იცის, რამდენი უცოდველი ბავშვი ჰყავთ დახვრეტილი, უსახლკაროდ დატოვებული. საცოდაობაა, როცა ადამიანი სახლიდან ვერ გამოდის იმიტომ ,რომ პერანგი აღარ დარჩენია და შარვალიც ძონძებად აქვს ქცეული. ეს კი საკუთარ თავზეც გამომიცდია. სიღარიბე -ეს გრძნობაა, რომელიც ყურში ბოლო ხმაზე ჩაგყვირის ,რომ არაფრად ღირხარ, შენ არავინ ხარ, ყველასთვის სულ ერთი ხარ ,შენი სიკვდილ-სიცოცხლეც არავის ადარდებს! ამ ყველაფრის გამოსავალს კი ყველა ვეძებთ, მეც ვეძებე, ვეძებე და სასმელმა გადამარჩინა ცოტა ხნით . მაგრამ გადამარჩინა. სხვები კი ჯერ კიდევ ეძებენ . გული მიგრძნობს , ისინიც ჩემს სასოწარკვეთილ გზას დაადგებიან ,რომ წამით მაინც უშველონ თავს და ჰპოვონ სიმშვიდე. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს, ცდილობენ, ფეხქვეშ გაგთელონ და მიწაზე დაგანარცხონ ,რადგან შენ უბრალოდ არ ჰგავხარ მათ. გატუნია, ასე მეძახდა დედა მთელი ცხოვრების მანძილზე, ალბათ ფიქრობთ, დედა-შვილს ერთმანეთის გაგება უსიტყვოდ შეუძლიათო, მაგრამ არა ,დედაჩემს არასდროს ესმოდა ჩემი, მე ხომ ჩემი სამყარო მქონდა, ყოველთვის. პოეზია და პოეზია, ნეტავ იცოდეთ, რამდენი ღამე გამითენებია ლექსების წერაში. დიახ, მე სწორედაც რომ პოეზიის მეფე ვარ. 67 წელი ვეცადე , თავი დამეღწია ამ მწარე რეალობისთვის , რასაც არსებობას ვეძახით ჩვენ, ადამიანები. დღეს 17 მარტია ,მთელი დღეა , საავადმყოფოს დერეფანში დავდივარ და ვფიქრობ. საავადმყოფოს ფანჯრიდან ვიხედები: ვხედავ, ალისფერი ფოთლები უკვე ძირს დაცვენილან და ხეები ნელ-ნელა ისევ იმოსება მწვანედ. განუწყვეტლივ წვიმს, თან ქარიც ქრის, ხელი გავიშვირე ფანჯრიდან, წვიმის წვეთი რომ შემეგრძნო, ამან ჩემი ცოლი ოლღა გამახსენა, წვიმა ყველაზე მეტად აბედნიერებდა . ის დახვრიტეს, რა გასაკვირია ,დღეს საქართველოში ხომ ყველა სიმართლის მთქმელ ქალს თუ კაცს ხვრეტენ. ისე კი მიკვირს, აქამდე მე როგორღა მოვაღწიე ცოცხალმა. ცას ავხედე- ისეთი მუქი და საშიში იყო…უცებ მერცხალმა გადაიფრინა . მერე დავფიქრდი და მეც მომინდა გადამეფრინა რუხი ღრუბლები. თეთრი ხალათი საწოლზე დავაგდე, სკამი ფანჯარასთან მივაყუდე ,ბოლო ღერი სიგარეტიც გავაბოლე და სკამზე დავდექი. ბარტყები ფრენას ბუდიდან სწავლობენ ,მე კი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან ვისწავლე. ცამ დაიქუხა, ქარი ამოვარდა, შვება ვიგრძენი, გულზე ხელი დავიდე -ჩემი გულისცემა შეწყდა.

    კიდევ კარგი, ამ უაზრო ბათქაბუთქის შეჩერების უფლება მაინც მომენიჭა მე, ადამიანს.

    ანი ზუმბულიძე

  • ვწერთ ჩანახატს

    ვწერთ ჩანახატს

    ქარი ქრის…

    დილით ქარის ძლიერმა ხმამ ჩემში გაიარა და გამომაფხიზლა. გავემზადე და გავედი გარეთ.

    გარეთ ქარია,ყველაფერი არეულია, ჰაერში თითქოს ფერადდაკარგული ფოთლები აქეთ იქეთ იფანტებიან, როგორც გზააბნეული ფიქრები. მეც მივდივარ, მივდივარ,მაგრამ არ ვიცი, სად ან რატომ. უბრალოდ მივყვები ქარის უზარმაზარ ტალღებს და მივდივარ იქ, საითაც მისი გზა მიდის. მაგრამ იქნებ საჭიროა, რომ ქარს შევეწინაამღდეგოთ? მეტიც, ვიდრე საჭირო, იქნებ ეს აუცილებელია? განვაგრძობ, როგორც ფიქრს ისევე გზას. მაგრამ მე კვლავ არ ვიცი, თუ სად მივდივარ. იქნებ ჩვენც იმ ფოთოლგანი ვართ, რომლებიც უგზოუკვლოდ მიჰყვებიან ქარის უსასრულო გზას. მაგრამ მათი ბედი ხომ უკვე დაწერილია ამით და იმ საბოლოო შედეგს ვეღარ შეცვლიან ისინი.

    ქარი ქრის…

    ქარი ქრის…

    ქარი ქრის…

    მან უკვე ყველაფერი დაიმორჩილა, მაგრამ არა ყველა. მოვბრუნდი და მიუხედავად ძლიერი ქარისა, გადავწყვიტე, წავსულიყავი ჩემს საკუთარ გზაზე და დამეწერა ჩემი მომავალი ჩემივე ხელით.

    მე ჩემი გზა ავირჩიე.

    ნიკოლოზ კანდელაკი

    საით

    ნაწვიმარია.

    გუბეში ნელ-ნელა ეცემა მზისფერი ჩხაკუნა ფოთლები.

    წითელი საწვიმარი მაცვია და ქარის ხმას მივყვები.

    მეჩურჩულება ნაზად, თუმცა არ მესმის მე მისი.

    ნეტავი ახლა რომელ გუბესთან მიმიყვანს იგი?

    ტასია მაისურაძე

    ვერ შეაჩერებ

    ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. მიდის შორს და შენ არ იცი, როდის დაბრუნდება.

    ეჰ, ნეტავ შემეძლოს აგვისტოს გაჩერება, რომელიც სექტემბრისკენ მიიწევს. მაგრამ მას უყვარს ის: აგვისტოს უყვარს სექტემბერი და მას შენ ვერ შეაჩერებ!

    სექტემბერს მოაქვს ქარი. ქარს მიაქვს სითბო, ხის ტოტებზე ამწვანებული ფოთლები და კიდევ ბევრი რამ…

    ქარი ქრის და შემოივლის ყველაფერს. შენ არ გაქვს ძალა, ქარი რომ გააჩერო. ქარს ისიც მიაქვს , რაც შენ ასე ძალიან გიყვარს .

    მიაქვს ერთი ერთი მიმართულებით , ჯიუტად.

    ქარი აყვითლებს ფოთლებს და ძირს ყრის. მეც ერთი იმ ყვითელი ფოთოლივით ვარ, შენ კი ქარს მიჰყვები.

    ნუთუ ვერ ხვდები , რომ მჭირდები?

    ენი (ერთი ნ-თი)

    წითელი ფრანი

    გავიქეცი, ისე სწრაფად, უკანმოუხედავად…ვიგრძენი, როგორ დაიწყო ჩემმა გულმა გამალებით ცემა,სადაც იყო საგულედან ამომვარდებოდა. წკრიალა,ზღვისფერ ცაზე წითელი ფრანი მიქროდა, მე კი მას მივდევდი. ისე მწყუროდა მისი დაჭერა, წამითაც არ დავნებებულვარ. თვალებით ფრანს ვუყურებდი, გული კი მთელ სამყაროს ათვალიერებდა. დაბზარული, გალეული, რუხი, ხის ფანჯარაზე თეთრი მტრედები ჩამწკრივებულიყვნენ, მალინისფრად შეღებილი კედლის გვერდით ხანში შესული ბებო და ბაბუ ისხდნენ, გვერდიგვერდ იყვნენ ატუზულები , ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ ერთმანეთს ამღვრეული თვალებით ათბობდნენ. წინ ფერად-ფერადი, ნაირ-ნაირი ყვავილები ეფინა გასაყიდად. ყვავილების სიტკბოება სულში თბილად ჩამეღვარა და კიდევ უფრო სწრაფად გავიქეცი, კიდევ უფრო გახშირდა ჩემი გულისცემა. ჩემი ტოლი ბიჭი დავინახე ,თონის პურები ძველებურ, შავ-თეთრ გაზეთზე დაედო და ყიდდა, ისეთი სურნელი ჰქონდა, კინაღამ სულ დამავიწყდა ჩემი წითელი ფრანი. კუთხეში ბაბუ შევამჩნიე, გაჭაღარავებული, მხრებჩამოყრილი, ხელები ერთიანად დანაოჭებული და დამჭკნარი, ფანდურზე უკრავდა. უკრავდა, მაგრამ როგორ უკრავდა-მთელი გულით და სულით . თან წაიღიღინებდა ხოლმე, ხმას ააყოლებდა სიმებს. ხალხი უღიმოდა, ზოგი მოღუშული აუვლიდა გვერდს, რამდენიმე შემოწირულობასაც იღებდა, ბაბუს თვალები უციმციმებდა და მაშინვე მადლობის ნიშნად გაბადრული თავს უკრავდა.  წითურმა ბავშვმა ჩამიქროლა, მზემ თმა ალისფრად აუგიზგიგა  და მაშინვე თვალში მომხვდა , ვიფიქრე, ესეც ჩემს ფრანს ხომ არ მისდევს -მეთქი, მაგრამ არა , აშკარად დაჭერობანას თამაშობდა სხვებთან ერთად. ცაში ავიხედე და… სადღაა ჩემი სანუკვარი წითელი ფრანი, რომელიც კინაღამ დავიჭირე. თვალები გავახილე, წამწამები დავაფახურე, წამოდგომა ვცადე- ისევ ხეიბარი ვიყავი.

    ნეტავ ოდესმე თუ გახდება წითელი ფრანი ჩემი?!

    ანი ზუმბულიძე

    IX კლასი

  • ის, რაც კადრს მიღმა დავინახე..

    ის, რაც კადრს მიღმა დავინახე..

    იმედი

    ვიჯექი ფანჯარასთან და ვუყურებდი ამ სიბნელით სავსე ქალაქს. ქალაქსი არც მანქანები დადიოდა, არც ძაღლები დარბოდნენ და საერთოდ არაფრის ხმა არ ისმოდა.

    იქ, სადაც სრული სიბნელეა და ადამიანი თავისთავს ვერ ხედავს, სადაც ყველაფერი ცარიელია, ყოველთვის ვიქნები მე. მე ადამიანს, რომელსაც სრული სიბნელის უფსკრულში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება, სიყვარულს ვაძლევ. ქალაქში, სადაც სიცარიელე და სიშავეა, სადაც ნათება არ არის, ყოველთვის აინთება შუქი. სანამ ეს შუქი ანთია, ქალაქში სიცოცხლეა და ეს სიცოცხლე იქნება, , რადგან ამ ქალაქში, ამ სახლში ვარ მე. როდესაც მე ავანთებ შუქს, უკანა კორპუსშიც აანთებენ და ასე დაიკარგება სიბნელე. მე ქალაქში სულ ვიქნები და მე იმედი მქვია… არ ვიკარგები, არ ვკვდები და ადამიანს მუდმივად სინათლეს მოვგვრი.

  • ავტოპორტრეტი მეტაფორებით

    ავტოპორტრეტი მეტაფორებით

    მიმოზა

    ეს მე ვარ, მიმოზა.

    მე ვარ ცივი ზამთარი, რომელიც მთელი გულით ელოდება გაზაფხულს.

    წვიმა და მზე, რომლებიც ერთად ცისარტყელას წარმოქმნიან.

    სოფელის ოდა-სახლი, რომელშიც გამუდმებით თამაშობენ ბავშვები.

    თოჯინა, რომელიც ღამით ბავშვების გაღვიძებას ელოდება.

    შველი, რომელიც თავისუფლად დანავარდობს მდელოებზე.

    ბალახი, წვიმის მერე მზეს რომ ეფიცხება.

    ეს მე ვარ, მიმოზა, რომელიც ზამთრობით ბუხართან თბება, ზაფხულობით კი მდელოებზე დანავარდობს.

    ენი

    ეს მე ვარ, ენი. ამჯერად ერთი ნ-თი.

    ზაფხულივით ენერგიული და ამავდროულად მოწყენილი, რომელიც ნათელ დილას ნისლიან საღამოდ აქცევს.

    ერთი პატარა სახლი, რომელშიც ბავშვების სიცოცხლე მიედინება.

    რვეული, რომელშიც ბევრი საიდუმლო და სიცოცხლის საუკეთესო მომენტები წერია.

    იმ ჩიტივით თავისუფალი, რომელსაც ყველაფერი ესმის.

    იმ გვირილასავით ჩვეულებრივი, რომელიც ვარდის სილამაზეს შესცქერის.

    წითელივით ადვილად შესამჩნევი და ამავდროულად ადვილად დასავიწყარი.

    ვერ მიცანით?

    ეს ხომ მე ვარ, ენი.. ერთი ნ-თი.

    ჰოლი

    ეს მე ვარ, ჰოლი.

    ახლა ზამთარია, რომელიც ხანდახან შემახსენებს თავს, თუ როგორი დაუდევარი და ცივია მისი გული, მაგრამ თეთრი და ლამაზი.

    მენატრება გაზაფხული.

    ჩემს თავს ვხედავ, როგორც სიცივიდან ახლად გამთბარ მარტს, რომელიც ბედნიერია, რომ ახლა მისი დროა და ყველა მას ელოდება.

    მე ვარ განთიადი. მზე, რომელიც ახლა იფურჩქნება ცაში და ქვემოდან ყველა ელოდება მას.

     მე ვარ ბინა, რომელშიც სამი ლამაზი გოგონა ცანცარებს და მათთან ერთად მეც ვზანზარებ.

    ალბათ მე ვიქნებოდი კოვზი, რომელიც ცდილობს სიკეთე სრულყოფილად აიღოს და სხვას მიუტანოს პირთან.

    მე ვიქნებოდი პანდა, რომელიც ერთი შეხედვით საყვარელია, მაგრამ გაბრაზებისას საშიშია.

    მე ვიქნებოდი ია, რომელიც ეგებება გაზაფხულს, ბედნიერი და სიხარულისგან უფრო მეტად გალურჯებული.

    და ბოლოს, ალბათ მე ვარ მთამსვლელი, რომელიც ყოველთვის ეძებს რაღაც ახალს და პოულობს კიდეც მას.

    მოლიანი

    ეს მე ვარ, მოლიანი

    მე ვარ გაზაფხული, რომელიც ზამთარს ელოდება.

    მე ვარ ღამე, ბნელი,მაგრამ მაინც ანათებს ვარსკვლავები ჩემში. 

    ეს მე ვარ, ომში მოხვედრილი კოშკი, , ბევრი ზიანი მომაყენეს, მაგრამ მაინც ვდგავარ, როგორც სასახლე ნათელი,

    მე ვარ ტელეფონი, რომელშიც ბევრი რაღაცაა შენახული,

    მე ვარ თასი, რომლის ხელში აღებასაც ოცნებობენ.

     მე ვარ ქათამი კისკისა, მწერი ჩხვლეტია.

    მე ვარ ვარდი, რომელიც სიყვარულს ელოდება.

    თეთრი, უბრალო, მაგრამ საჭირო.

    ეს მე ვარ, ადამიანი.

    თეთრი ვარდი

    ეს მე ვარ, თეთრი ვარდი, რომელიც ხანდახან შავ ვარდად გადაიქცევა ხოლმე.

    მე ვარ ზამთარი, რომელიც უამრავი ადამიანის გულს ახარებს,

    ბნელი საღამო, რომელსაც ადამიანები ანათებენ,

    ჩამონგრეული ქოხი, რომელთანაც კეთილი ადამიანები მიდიან და დიდ მშვენიერ სასახლედ აქცევენ.

    პენალი, რომლიდანაც კალმები იყრება, შემდეგ კი თავიდან სულ ახალთახალ კალმებს აწყობენ.

    კურდღელი-ბაჭია, რომელიც წარმატებისკენ მიხტუნავს,

    გვირილა, რომელსაც ფურცლები სცვივა, შემდეგ კი ახალი ამოსდის.

     მე ვარ ემოციის ბუშტი, რომელიც სკდება და თავიდან ივსება ახალი,სხვა ემოციით.

    გამარჯობა, ეს მე ვარ..

    ხან ცხელი და ხალისიანი ზაფხული, ხან კი მკაცრი ზამთარი.

    ხან სევდიანი შემოდგომა.

    ამინდი?- რა თქმა უნდა, თბილი და მზიანი.

    (რაც უფრო კარგი ამინდია, მით უფრო იღვიძებს ენერგია ჩემში)

    მე დღის ის მონაკვეთი ვარ , როდესაც მზე ჩასვლას იწყებს და ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება.

    ნაგებობა ვარ ლამაზი, დიდი და მყუდრო, გარეთ ბოშები და სიძველე…

    ამ სახლში ჯერ სულ ცოტა ადამიანს აქვს ფეხი შედგმული და ვინც შედგა, ზოგმა ამ სახლის პრობლემები სასაცილოდ მიიჩნია.

    მე ვარ კომფორტული სკამი, რომელზეც ხან დაისვენებ, ხან ვერა.

    ადამიანი, ვისთანაც ხან გაიხარებ, ხან მოიწყენ.

    ფისო, მშვიდი და გაწონასწორებული, სიმშვიდის და სიმარტოვის მოყვარული, თუმცა მარტო ყოფნა მაინც ღლის.

    თეთრი ვარდი, მშვიდი და კარგი, მაგრამ ეკლიანი.

    ფერები: თეთრი ან ვერცხლისფერი, რომლებიც თან მღელვარებას იწვევენ და თან ამშვიდებენ.

    წიგნის პერსონაჟი-ჩუმად მჯდარი , რომელსაც ემოციების გამოხატვა უნდა , მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა ან აზრის გამოხატვის ეშინია, მაგრამ ხანდახან გაგიჟდება ხოლმე და ძალიან ხალისობს.

    ქალბატონი

    მე ცხოვრების ერთი შეუჩერებელი მგზავრი ვარ.

     ჩემი ფიქრები ზაფხულს წააგავს, მხიარულია, თუმცა ხანდახან ზამთარიც დაისადგურებს მასში.

     მე ერთი სუსხიანი საღამო ვარ, რომელიც ღრმა ოკეანეში, რიფების შუაში ჩაეფლო და ამოსვლას ცდილობს.

    ერთ შუშის კოშკს ვგავარ, , რომელიც შესცქერის ცას და ღრუბლებზე დახტუნაობს თავის ფიქრებში,

    მე ერთი თანამგზავრი ვარ ცხოვრების, რომელიც ღრმა ფიქრებიდან ამოსვლას ცდილობს,

    სხვაც მეხმარება ამოსვლაში, მაგრამ ხელი მეშვება და ისევ ფიქრების მდინარეში ვვარდები

    და მდინარეს მივუყვები უსასრულო გზამდე.

    ერთ ფუტკარს წავაგავარ, რომელიც ბზუის და მუშაობს, უკიდეგანო სამყაროში.

    ყვავილი ვარ, რომელიც მხოლოდ ღამით იფურჩქნება.

    მე ვხედავ სამყაროს , ვაკვირდები მას ცხრა მთას იქიდან  და ამ მთების დაპყრობას ვცდილობ.

    ეს მე ვარ ცხოვრების მოუშორებელი თანამგზავრი.

    მგზავრი

    ეს მე ვარ,მგზავრი.

    ნოებრის ცივი დასასრული, რომელიც სუსხიან ზამთარს სევდიანად ეგებება,

    საღამო, რომლის დროსაც მზე ღრუბლებს სწყდება და ქვემოთ ნელ-ნელა მიექანება.

    ტყის პირას მდგარი ქოხი, რომელიც მდინარის ანარეკლში დაუსრულებლად ლივლივებს,

    ხელუხლებელი წიგნი, რომელშიც ათასფრად გადაჭიმული ასოები ფართხალს არ წყვეტენ.

    ბუ, რომელიც მუდამ თვალებდაჭყეტილი აკვირდება ყველაფერს ხის მორყეული, გატიტვლებული ტოტიდან.

    ხე, რომელიც თავჩაღუნული დასცქერის ნამიან მიწას.

    ეს მე ვარ მგზავრი, რომელიც მარადიულად იცვლის ადგილსამყოფელს , მუდამ ეძებს სინათლის ნაპერწკალს სიბნელეში, უკუნეთ სიბნელეში, რომელსაც თვალთახედვის არე ვერ სწვდება, იმდენად ღრმად არის ჩაფლული.

    უცნობი

    ეს მე ვარ, უცნობი.

    თითქოს ადვილად ამოსაცნობი, მაგრამ ამავე დროს საიდუმლოსავით ამოუხსნელი.

    მე ვარ შემოდგომა-ფერადი, მრავალფეროვანი ფოთლებით და გაურკვეველი, უცნაური ამინდებით, სიცოცხლით აღსავსე, თან შეუცნობელი.

    მე შეიძლება დღეც ვიყო და ღამეც. მაგრამ ყველაზე ამოუცნობი ვარსკვლავმოფენილი ღამე ის არის, რასაც სიმშვიდედ მივიჩნევ.

    ამინდიც შეიძლება მივისაკუთრო- წვიმა. ის ხომ შესანიშნავია, თითქოს სიმშვიდეს გგვრის და გეუბნება, რომ საშიში არაფერია.

    წიგნი იდუმალი და საინტერესო – ის გიყვება, რომ სამყაროსგან მოშორება შეგიძლია და არსებობს სიმშვიდე.

    თოლია, თეთრი და თავისუფლებისმოყვარული-მას შეუძლია იქ წავიდეს, სადაც მოესურვება და ფრთების გაშლისას გაფრინდეს.

    საბოლოოდ ბედნიერი, ამოუცნობი, ამოსაცნობი და მხიარული ვარ.

    ის ვარ, ვისაც ცხოვრება უყვარს და არასოდეს დანებდება.