მიმოზა

ეს მე ვარ, მიმოზა.
მე ვარ ცივი ზამთარი, რომელიც მთელი გულით ელოდება გაზაფხულს.
წვიმა და მზე, რომლებიც ერთად ცისარტყელას წარმოქმნიან.
სოფელის ოდა-სახლი, რომელშიც გამუდმებით თამაშობენ ბავშვები.
თოჯინა, რომელიც ღამით ბავშვების გაღვიძებას ელოდება.
შველი, რომელიც თავისუფლად დანავარდობს მდელოებზე.
ბალახი, წვიმის მერე მზეს რომ ეფიცხება.
ეს მე ვარ, მიმოზა, რომელიც ზამთრობით ბუხართან თბება, ზაფხულობით კი მდელოებზე დანავარდობს.
ენი

ეს მე ვარ, ენი. ამჯერად ერთი ნ-თი.
ზაფხულივით ენერგიული და ამავდროულად მოწყენილი, რომელიც ნათელ დილას ნისლიან საღამოდ აქცევს.
ერთი პატარა სახლი, რომელშიც ბავშვების სიცოცხლე მიედინება.
რვეული, რომელშიც ბევრი საიდუმლო და სიცოცხლის საუკეთესო მომენტები წერია.
იმ ჩიტივით თავისუფალი, რომელსაც ყველაფერი ესმის.
იმ გვირილასავით ჩვეულებრივი, რომელიც ვარდის სილამაზეს შესცქერის.
წითელივით ადვილად შესამჩნევი და ამავდროულად ადვილად დასავიწყარი.
ვერ მიცანით?
ეს ხომ მე ვარ, ენი.. ერთი ნ-თი.
ჰოლი

ეს მე ვარ, ჰოლი.
ახლა ზამთარია, რომელიც ხანდახან შემახსენებს თავს, თუ როგორი დაუდევარი და ცივია მისი გული, მაგრამ თეთრი და ლამაზი.
მენატრება გაზაფხული.
ჩემს თავს ვხედავ, როგორც სიცივიდან ახლად გამთბარ მარტს, რომელიც ბედნიერია, რომ ახლა მისი დროა და ყველა მას ელოდება.
მე ვარ განთიადი. მზე, რომელიც ახლა იფურჩქნება ცაში და ქვემოდან ყველა ელოდება მას.
მე ვარ ბინა, რომელშიც სამი ლამაზი გოგონა ცანცარებს და მათთან ერთად მეც ვზანზარებ.
ალბათ მე ვიქნებოდი კოვზი, რომელიც ცდილობს სიკეთე სრულყოფილად აიღოს და სხვას მიუტანოს პირთან.
მე ვიქნებოდი პანდა, რომელიც ერთი შეხედვით საყვარელია, მაგრამ გაბრაზებისას საშიშია.
მე ვიქნებოდი ია, რომელიც ეგებება გაზაფხულს, ბედნიერი და სიხარულისგან უფრო მეტად გალურჯებული.
და ბოლოს, ალბათ მე ვარ მთამსვლელი, რომელიც ყოველთვის ეძებს რაღაც ახალს და პოულობს კიდეც მას.
მოლიანი

ეს მე ვარ, მოლიანი
მე ვარ გაზაფხული, რომელიც ზამთარს ელოდება.
მე ვარ ღამე, ბნელი,მაგრამ მაინც ანათებს ვარსკვლავები ჩემში.
ეს მე ვარ, ომში მოხვედრილი კოშკი, , ბევრი ზიანი მომაყენეს, მაგრამ მაინც ვდგავარ, როგორც სასახლე ნათელი,
მე ვარ ტელეფონი, რომელშიც ბევრი რაღაცაა შენახული,
მე ვარ თასი, რომლის ხელში აღებასაც ოცნებობენ.
მე ვარ ქათამი კისკისა, მწერი ჩხვლეტია.
მე ვარ ვარდი, რომელიც სიყვარულს ელოდება.
თეთრი, უბრალო, მაგრამ საჭირო.
ეს მე ვარ, ადამიანი.
თეთრი ვარდი

ეს მე ვარ, თეთრი ვარდი, რომელიც ხანდახან შავ ვარდად გადაიქცევა ხოლმე.
მე ვარ ზამთარი, რომელიც უამრავი ადამიანის გულს ახარებს,
ბნელი საღამო, რომელსაც ადამიანები ანათებენ,
ჩამონგრეული ქოხი, რომელთანაც კეთილი ადამიანები მიდიან და დიდ მშვენიერ სასახლედ აქცევენ.
პენალი, რომლიდანაც კალმები იყრება, შემდეგ კი თავიდან სულ ახალთახალ კალმებს აწყობენ.
კურდღელი-ბაჭია, რომელიც წარმატებისკენ მიხტუნავს,
გვირილა, რომელსაც ფურცლები სცვივა, შემდეგ კი ახალი ამოსდის.
მე ვარ ემოციის ბუშტი, რომელიც სკდება და თავიდან ივსება ახალი,სხვა ემოციით.

გამარჯობა, ეს მე ვარ..
ხან ცხელი და ხალისიანი ზაფხული, ხან კი მკაცრი ზამთარი.
ხან სევდიანი შემოდგომა.
ამინდი?- რა თქმა უნდა, თბილი და მზიანი.
(რაც უფრო კარგი ამინდია, მით უფრო იღვიძებს ენერგია ჩემში)
მე დღის ის მონაკვეთი ვარ , როდესაც მზე ჩასვლას იწყებს და ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება.
ნაგებობა ვარ ლამაზი, დიდი და მყუდრო, გარეთ ბოშები და სიძველე…
ამ სახლში ჯერ სულ ცოტა ადამიანს აქვს ფეხი შედგმული და ვინც შედგა, ზოგმა ამ სახლის პრობლემები სასაცილოდ მიიჩნია.
მე ვარ კომფორტული სკამი, რომელზეც ხან დაისვენებ, ხან ვერა.
ადამიანი, ვისთანაც ხან გაიხარებ, ხან მოიწყენ.
ფისო, მშვიდი და გაწონასწორებული, სიმშვიდის და სიმარტოვის მოყვარული, თუმცა მარტო ყოფნა მაინც ღლის.
თეთრი ვარდი, მშვიდი და კარგი, მაგრამ ეკლიანი.
ფერები: თეთრი ან ვერცხლისფერი, რომლებიც თან მღელვარებას იწვევენ და თან ამშვიდებენ.
წიგნის პერსონაჟი-ჩუმად მჯდარი , რომელსაც ემოციების გამოხატვა უნდა , მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა ან აზრის გამოხატვის ეშინია, მაგრამ ხანდახან გაგიჟდება ხოლმე და ძალიან ხალისობს.
ქალბატონი

მე ცხოვრების ერთი შეუჩერებელი მგზავრი ვარ.
ჩემი ფიქრები ზაფხულს წააგავს, მხიარულია, თუმცა ხანდახან ზამთარიც დაისადგურებს მასში.
მე ერთი სუსხიანი საღამო ვარ, რომელიც ღრმა ოკეანეში, რიფების შუაში ჩაეფლო და ამოსვლას ცდილობს.
ერთ შუშის კოშკს ვგავარ, , რომელიც შესცქერის ცას და ღრუბლებზე დახტუნაობს თავის ფიქრებში,
მე ერთი თანამგზავრი ვარ ცხოვრების, რომელიც ღრმა ფიქრებიდან ამოსვლას ცდილობს,
სხვაც მეხმარება ამოსვლაში, მაგრამ ხელი მეშვება და ისევ ფიქრების მდინარეში ვვარდები
და მდინარეს მივუყვები უსასრულო გზამდე.
ერთ ფუტკარს წავაგავარ, რომელიც ბზუის და მუშაობს, უკიდეგანო სამყაროში.
ყვავილი ვარ, რომელიც მხოლოდ ღამით იფურჩქნება.
მე ვხედავ სამყაროს , ვაკვირდები მას ცხრა მთას იქიდან და ამ მთების დაპყრობას ვცდილობ.
ეს მე ვარ ცხოვრების მოუშორებელი თანამგზავრი.
მგზავრი

ეს მე ვარ,მგზავრი.
ნოებრის ცივი დასასრული, რომელიც სუსხიან ზამთარს სევდიანად ეგებება,
საღამო, რომლის დროსაც მზე ღრუბლებს სწყდება და ქვემოთ ნელ-ნელა მიექანება.
ტყის პირას მდგარი ქოხი, რომელიც მდინარის ანარეკლში დაუსრულებლად ლივლივებს,
ხელუხლებელი წიგნი, რომელშიც ათასფრად გადაჭიმული ასოები ფართხალს არ წყვეტენ.
ბუ, რომელიც მუდამ თვალებდაჭყეტილი აკვირდება ყველაფერს ხის მორყეული, გატიტვლებული ტოტიდან.
ხე, რომელიც თავჩაღუნული დასცქერის ნამიან მიწას.
ეს მე ვარ მგზავრი, რომელიც მარადიულად იცვლის ადგილსამყოფელს , მუდამ ეძებს სინათლის ნაპერწკალს სიბნელეში, უკუნეთ სიბნელეში, რომელსაც თვალთახედვის არე ვერ სწვდება, იმდენად ღრმად არის ჩაფლული.
უცნობი
ეს მე ვარ, უცნობი.
თითქოს ადვილად ამოსაცნობი, მაგრამ ამავე დროს საიდუმლოსავით ამოუხსნელი.
მე ვარ შემოდგომა-ფერადი, მრავალფეროვანი ფოთლებით და გაურკვეველი, უცნაური ამინდებით, სიცოცხლით აღსავსე, თან შეუცნობელი.
მე შეიძლება დღეც ვიყო და ღამეც. მაგრამ ყველაზე ამოუცნობი ვარსკვლავმოფენილი ღამე ის არის, რასაც სიმშვიდედ მივიჩნევ.
ამინდიც შეიძლება მივისაკუთრო- წვიმა. ის ხომ შესანიშნავია, თითქოს სიმშვიდეს გგვრის და გეუბნება, რომ საშიში არაფერია.
წიგნი იდუმალი და საინტერესო – ის გიყვება, რომ სამყაროსგან მოშორება შეგიძლია და არსებობს სიმშვიდე.
თოლია, თეთრი და თავისუფლებისმოყვარული-მას შეუძლია იქ წავიდეს, სადაც მოესურვება და ფრთების გაშლისას გაფრინდეს.
საბოლოოდ ბედნიერი, ამოუცნობი, ამოსაცნობი და მხიარული ვარ.
ის ვარ, ვისაც ცხოვრება უყვარს და არასოდეს დანებდება.

კომენტარის დატოვება