ყოფნა
ოჰ, რა რთული ყოფილა, ბევრისთვის სანატრელი, ადამიანად მოვლენა ამ ქვეყანაზე. ჩვენ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, თუ როგორი მწარეა ყოფა ადამიანისა.ზამთრის ცივ ღამეს, დათოვლილ ქუჩებში, კიბეებზე მიძინებული პატარა ბავშვები ,რომელთა ერთი ციდა გაყინული ხელები ფიფქებითაა დაფარული. ხალხი ,რომელიც ხმას ვერ იღებს, შიშით რომ დღეს თუ ხვალ სახლში შეუვარდებიან და ცოლ-შვილს ამოუჟლეტენ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ, ნერვიც არ შეუტოკდებათ, მათში ადამიანობის ნატამალიც ვერ გაიღვიძებს, ვერასოდეს. ვინ იცის, რამდენი უცოდველი ბავშვი ჰყავთ დახვრეტილი, უსახლკაროდ დატოვებული. საცოდაობაა, როცა ადამიანი სახლიდან ვერ გამოდის იმიტომ ,რომ პერანგი აღარ დარჩენია და შარვალიც ძონძებად აქვს ქცეული. ეს კი საკუთარ თავზეც გამომიცდია. სიღარიბე -ეს გრძნობაა, რომელიც ყურში ბოლო ხმაზე ჩაგყვირის ,რომ არაფრად ღირხარ, შენ არავინ ხარ, ყველასთვის სულ ერთი ხარ ,შენი სიკვდილ-სიცოცხლეც არავის ადარდებს! ამ ყველაფრის გამოსავალს კი ყველა ვეძებთ, მეც ვეძებე, ვეძებე და სასმელმა გადამარჩინა ცოტა ხნით . მაგრამ გადამარჩინა. სხვები კი ჯერ კიდევ ეძებენ . გული მიგრძნობს , ისინიც ჩემს სასოწარკვეთილ გზას დაადგებიან ,რომ წამით მაინც უშველონ თავს და ჰპოვონ სიმშვიდე. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს, ცდილობენ, ფეხქვეშ გაგთელონ და მიწაზე დაგანარცხონ ,რადგან შენ უბრალოდ არ ჰგავხარ მათ. გატუნია, ასე მეძახდა დედა მთელი ცხოვრების მანძილზე, ალბათ ფიქრობთ, დედა-შვილს ერთმანეთის გაგება უსიტყვოდ შეუძლიათო, მაგრამ არა ,დედაჩემს არასდროს ესმოდა ჩემი, მე ხომ ჩემი სამყარო მქონდა, ყოველთვის. პოეზია და პოეზია, ნეტავ იცოდეთ, რამდენი ღამე გამითენებია ლექსების წერაში. დიახ, მე სწორედაც რომ პოეზიის მეფე ვარ. 67 წელი ვეცადე , თავი დამეღწია ამ მწარე რეალობისთვის , რასაც არსებობას ვეძახით ჩვენ, ადამიანები. დღეს 17 მარტია ,მთელი დღეა , საავადმყოფოს დერეფანში დავდივარ და ვფიქრობ. საავადმყოფოს ფანჯრიდან ვიხედები: ვხედავ, ალისფერი ფოთლები უკვე ძირს დაცვენილან და ხეები ნელ-ნელა ისევ იმოსება მწვანედ. განუწყვეტლივ წვიმს, თან ქარიც ქრის, ხელი გავიშვირე ფანჯრიდან, წვიმის წვეთი რომ შემეგრძნო, ამან ჩემი ცოლი ოლღა გამახსენა, წვიმა ყველაზე მეტად აბედნიერებდა . ის დახვრიტეს, რა გასაკვირია ,დღეს საქართველოში ხომ ყველა სიმართლის მთქმელ ქალს თუ კაცს ხვრეტენ. ისე კი მიკვირს, აქამდე მე როგორღა მოვაღწიე ცოცხალმა. ცას ავხედე- ისეთი მუქი და საშიში იყო…უცებ მერცხალმა გადაიფრინა . მერე დავფიქრდი და მეც მომინდა გადამეფრინა რუხი ღრუბლები. თეთრი ხალათი საწოლზე დავაგდე, სკამი ფანჯარასთან მივაყუდე ,ბოლო ღერი სიგარეტიც გავაბოლე და სკამზე დავდექი. ბარტყები ფრენას ბუდიდან სწავლობენ ,მე კი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან ვისწავლე. ცამ დაიქუხა, ქარი ამოვარდა, შვება ვიგრძენი, გულზე ხელი დავიდე -ჩემი გულისცემა შეწყდა.
კიდევ კარგი, ამ უაზრო ბათქაბუთქის შეჩერების უფლება მაინც მომენიჭა მე, ადამიანს.
ანი ზუმბულიძე

კომენტარის დატოვება