საშობაო ნოველები

ჭაბუა ბაბ

მართა ბერიძე

შობის წინა დღეს თბილისის ქუჩებში რომ გაგევლოთ, გზად შეგხვდებოდნენ მოქეიფე კინტოები, გახარებული ბავშვები ცალ ხელში შაქარყინულით, მთელი წელი ასე მოუთმენლად რომ ელოდნენ. აუცილებლად გეცემოდათ ახლად გამომცხვარი საშობაო კვერებისა და ნაზუქების სუნი. განსაკუთრებულად მოგხვდებოდათ თვალში სირაჯები, ღვინით რომ ამარაგებდნენ ოჯახებს.შეძლებულებს სახლში საშობაო ნაძვი ედგათ, ღარიბებს კი მათივე გამოთლილი ჩიჩილაკი. უხაროდა ყველას: დიდს, პატარას, ღარიბს და მდიდარს.  ის საშობაო განწყობა, რომელიც ასე ამაღელვებელი იყო ყოველთვის, განსაკუთრებით იგრძნობოდა თეტრის კულისებში, სადაც ცნობილი მსახიობები ემზადებოდნენ მომდევნო საღამოს წარმოდგენისთვის. საინტერესო ის იყო ხოლმე, რომ ვინც არ ესწრებოდა ამ დადგმებს, მეორე დღეს მაინც წაიმღერებდა რომელიმე შესრულებულ სიმღერას, იმდენად მალე მოედებოდა ხოლმე ქალაქს.    წარმოდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ქალაქი იძინებდა და ქუჩებს მთვარის შუქი ანათებდა, გამოდიოდა ხოლმე მოხუცი ჭაბუა ბაბუ და მისი მეგობარი რვა წლის, ობოლი, უსახლკარო პაპუნა. ჭაბუა ბაბუს კიბე მოჰქონდა, ბიჭი კი ურიკას ეზიდებოდა, რომელშიც აფიშები ეწყო. აფიშებს წინა დღეებში ამზადებდნენ, წარწერას აწერდნენ და ხატავდნენ. ბაბუ და პაპუნა დაივლიდნენ ხოლმე ქუჩებს და იმ ადგილებში აკრავდნენ ამ აფიშებს, სადაც დღისით ბევრი ხალხი გროვდებოდა ხოლმე. ჭაბუა ბაბუ კიბეს იჭერდა, ბიჭი კი ადიოდა ხოლმე და აკრავდა და აკრავდა . საქმეს რომ მორჩებოდნენ, ჭაბუა ბაბუ ზურგზე მოისვამდა ხოლმე პაპუნას და ასე ბრუნდებოდნენ უკან. ბაბუ თეატრის უკან ცხოვრობდა, პატარა ქოხში და პაპუნაც თან მიჰყავდა ხოლმე, საწყალი ღამით რომ არ გაყინულიყო.

    ზუსტად ასე მოხდა შობის წინა დღესაც. დილით გამოღვიძებულ ქალაქს, სამზადისი რომ უნდა დაეწყოთ, დახვდათ ქუჩებში აფიშები, რომლებიც შობის ღამეს დაუვიწყარ წარმოდგენას იუწყებოდა გოლოვინის პროსპექტის თეატრში. მაშინ დაიწყო ბილეთებისა და მოსაწვევების გაცვლა-გამოცვლა, ტანისამოსის შერჩევა ხვალინდელი საღამოსათვის და რაღა თქმა უნდა, საშობაო სამზადისი.  ჭაბუა ბაბუს მთელი ღამე ჩაესმოდა თავში აბესალომის, ეთერის, ქეთოს, კოტეს და დონ კიხოტის ხმები, არ ასვენებდნენ მუშკეტერები და შორეული მეფეები, ესმოდა ჰამლეტის და მეფე ლირის, მაკბეტის, რომეოსა და ჯულიეტას მონოლოგები. ბაბუს ყველა ის დადგმა ახსოვდა თავიდან ბოლომდე, რაც კი თეატრში დადგმულა. ბაბუს გასამსჯელო იყო ხუთი მანეთი და მომდევნო სპექტაკლისა თუ ოპერის ბილეთი. ჭაბუა ბაბუსაც მეტი არაფერი უნდოდა. შეაპარებდა ხოლმე პაპუნას, კალთაში ჩაისვამდა და ერთად ეშვებოდნენ თეატრის სამყაროში, რომელიც ორივეს ასე ძალიან უყვარდა.

   უკვე შობა იყო, ოცდახუთი დეკემბერი. გარეთ ალილოს მსვლელობა და ეკლესიიდან გამოსული გალობის ხმა ისმოდა. წარმოდგენის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩებოდა. მსახიობები რეპეტიციობდნენ, სცენაზე დეკორაციები ეწყობოდა, განათებას აწესრიგებდნენ და ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა. ჭაბუა ბაბუმ საუკეთოსი სამოსი ჩამოიღო თაროდან და გამოეწყო, პაპუნასაც ჩამოუღო თავისი ბავშვობისდროინდელი სამოსი და ცოტა ხანში ორივე მზად იყო საღამოსთვის, რომელსაც მოუთმენლად ელოდა თბილისი.

  დეკემბერი ტიფლისში ცივი და სასტიკი გამოდგა, განსაკუთრებით შობა დღეს იყო სუსხი, რომელიც ასე ძალიან ატკივებდა ხოლმე ჭაბუა ბაბუს სახსრებს და სიარულში ხელს უშლიდა. მისი სახლიდან თეატრამდე დიდი არაფერი მანძილი იყო, მაგრამ ბაბუს იმ საღამოს ეჩვენებოდა წინ უშველებელი გზა, რომელიც თითქოს არასოდეს მთავრდებოდა. პაპუნას ხელი ჰქონდა ჭაბუა ბაბუს მკლავზე ჩაკიდებული და ეხმარებოდა სიარულში. გზა მართლაც გაეწელათ, ძალიან ნელა მოძრაობდნენ, არადა, სულ რაღაც ათი სახლის მოშორებით იყო თეატრი. გამვლელები მირბოდნენ, არ დავაგვიანოთო, უკვე დარეკილიყო ორი ზარი, ბაბუ და პაპუნა კი ჯერ კიდევ შორს იყვნენ. ჭაბუამ რომ მესამედ გაიგო ზარის ხმა, გაჩერდა და პაპუნას უთხრა:

-მაპატიე ბიჭო, მცივა და ვერ დავდივარ. იქ რომ ავალთ, დასრულდება უკვე ალბათ, თანაც ხომ იცი, უკვე დაწყებულზე არ უშვებენ ხალხს.მიდი, რაც შეგიძლია სწრაფად გაიქეცი , შენ შედი და უყურე.

პაპუნა სწრაფად გაიქცა და მალე მოშორდა ჭაბუა ბაბუს თვალს. მან კი გააგრძელა ნელა -ნელა სიარული ყინვაში.

   როგორც იქნა, მივიდა. თეატრის ეზოში ბევრი ხალხი იყო მოგროვილი, მაგრამ როგორც მათი აღტაცებული საუბრიდან გამომდინარეობდა, უკვე დამთავრებულიყო წარმოდგნა. ჭაბუა მაინც შევიდა თეატრში და გათბა, ამოისუნთქა. იქვე, ბილეთების გამყიდველი მზია იჯდა. ჭაბუა ბაბუს გუკვირდა, მზია დასრულებისთანავე მიდიოდა ხოლმე სახლში, მაგრამ ახლა სახლში წასასვლელად გამზადებულის არაფერი ეტყობოდა.

-ჭაბუა, ჭაბუა სად იყავი ჰა? გილოცავ შობას, გილოცავ!   – მხიარული ხმით შეეგება მზია ბაბუს.

-მეც გილოცავთ მზია, გმადლობთ. – თბილი ხმით მიუგო ჭაბუამ

-დამთავრდა ალბათ, პაპუნას დაველოდები და წავალთ. მაგან მაინც ხომ უყურა , არა?  –   სევდიანი ხმით თქვა ჭაბუა ბაბუმ.

-მოიცა მოიცა, ადი აბა დარბაზში.

ჭაბუა ბაბუს თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ რატომ, წარმოდგენა ხომ უკვე დამთავრებულიყო, ისღა დარჩენოდა, ბიჭს დალოდებოდა და მისგან მოესმინა შთაბეჭდილება. მაგრამ მაინც უჩვეულო სისწრაფით ავარდა კიბეზე. დარბაზის კართან, დაცვა შეეგება, მიბრძანდით და ადგილი დაიკავეთო. შიგნით შესულს დახვდა სიბნელე, მაგრამ სკამები მაინც ჩანდა. უკვირდა, უკვე დამთავრებულა და რა მინდა აქო, წავალ, პაპუნა ეტყობა გარეთ მიცდისო. უკვე დარბაზიდან გასვლას აპირებდა, რომ პაპუნას ხმა შემოესმა შუა სკამებიდან, მოდი, ჭაბუა ბაბუ, მოდიო. ბაბუს გაკვირვებისაგან რა ექნა, არ იცოდა. მივიდა პაპუნასთან და ჩაისვა კალთაში, ისე როგორც ყოველთვის. ბიჭს ჩასჩურჩულა, მოუსწარიო? ბიჭმა თავი გააქნია და უთხრა, მოიცადე ცოტა ხანსო. უეცრად ფარდა გაიწია, სიბნელეში მიმალულმა ორკესტრმა დაკვრა დაიწყო , გამოვიდნენ სცენაზე მსახიობები და დაიწყეს თამაში. ჭაბუა ბაბუს ცრემლი მოადგა, პაპუნას ხელი მოხვია და გადაეშვა იმ თეატრის სიღრმეში, სადაც დაკარგვისა არასოდეს აშინებდა. ეს იყო პირადი წარმოდგენა ჭაბუა ბაბუსთვისა და პაპუნასათვის.

   ეს მოხდა შობას, ეს მოხდა დღეს, როდესაც სასწაულები ხდება. არავინ არ იყო მაშინ მთელს ქალაქში, მხოლოდ ჭაბუა ბაბუ, პატარა ბიჭი პაპუნა, და თეატრი, რომლისთვისაც ჭაბუა ბაბუმ მთელი ცხოვრება იმუშავა, ეს იყო თეატრი, რომელმაც ჭაბუას ცხოვრება გაულამაზა, თეატრი, სადაც ჭაბუა ბაბუმ ცხოვრების საუკეთესო საათები გაატარა. და დიახ, ეს იყო თეატრი, სადაც ჭაბუამ მისი საუკეთესო შობა გაატარა და იწამა, რომ სასწაულები ხდება, კარგი ადამიანები, ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები კი არიან ისინი, ვინც გვჩუქნის ჩვენ ბედნიერ მოგონებებს.                                                                                                           

შობის საჩუქარი

თამარ ქაფიანიძე

ბავშვობიდან ვთვლიდი, რომ შობის მთავარი ნაწილი საჩუქრებია და მხოლოდ ამისთვის ვუყურებდი საათს და ვითვლიდი ყოველ წამს შობამდე, მაგრამ წელს რაღაც შეიცვალა და სხვა გრძნობა დამეუფლა.

დილას ადრე გამეღვიძა, მიუხედავად იმისა, რომ  გუშინ ვერაფრით ვერ დავიძინე. ბებო ცომს ზელდა და რომ ვკითხე, რას აკეთებდა- ხაჭაპურებსო,- მიპასუხა. სიმართლე, რომ ვთქვა, ხაჭაპური ცოტათი მომბეზრდა, კი, რა თქმა უნდა, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური სულ სხვა არის, მაგრამ ზოგადად ხაჭაპური აღარ მინდა. ადრე ჩემი საყვარელი საჭმელი ეს იყო, ახლა არ ვიცი, რა არის. დედა და მამა დილას არ დამხვდნენ, უკვე აღარც ვკითხულობ, სად არიან, რადგან ვიცი, რომ მუშაობენ. ისე არ მესმის, როგორ შეგიძლია ადამიანი შობის დღესასწაულზეც არ დაასვენო, წესით, შობის მერე ისვენებენ ერთი კვირა, მაგრამ ვინ იცის, დრო ექნებათ თუ არა ჩემთვის. საქმე არ მქონდა და არ ვიცოდი, რა მექნა, ჯერ ტელეფონში ვიყავი, მერე ცოტა წავიკითხე და ისევ ტელეფონში ჩავძვერი.მინდოდა, რამე სასარგებლო გამეკეთებინა, რადგან ტელეფონში ჯდომაც კი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ამიტომ ხატვა დავიწყე. მინდოდა, დამეხატა ის, რასაც ვგრძნობდი, ამიტომ ამოვიღე საღებავები და შევუდექი საქმეს. რა თქმა უნდა, ათი წუთიც არ გასულა, ჩემი ძმა რომ მომადგა, ვთხოვდი, გადი-მეთქი, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებდა, შენთან ერთად მინდა ხატვაო. ვუყვიროდი, მირტყამდა, ამასობაში კი წყალი დაღვარა, რომელშიც ფუნჯები მეწყო. ბებომ ეს გაიგო და ჩხუბი მე დამიწყო.

-ნიკოლოზ, რომ დაეხატა შენთან ერთად, რა მოგივიდოდა?! აუცილებელია ბებო აწვალო, ეს ხომ ჩემი ასაწმენდია.

ეს სიტყვები რომ გავიგე, გავმწარდი, ტონი ავტომატურად მეწეოდა და ვერ ვამჩნევდი ბებოს როგორ ვუყვიროდი:

-კიდევ მე მეჩხუბებით?! ძლივს იმას ვაკეთებდი რაც მომწონდა, ჩემმა ძმამ ყველაფერი ამირია და მე ვარ დამნაშავე?!

-უბრალოდ გვერდით მოგესვა და ერთად გეხატათ, არც მე არ მექნებოდა ახლა ზედმეტი საქმე და თქვენც ერთად იქნებოდით. დავიღალე, დილიდან არ გავჩერებულვარ.- თქვა ბებომ და მოწყენილი სახით დაიწყო მოსმენა.

როცა ვუყურებდი ბებოს სახეს, გული მტკიოდა,რადგან ვიცოდი, რომ დამნაშავე ვიყავი, ეს სიჩუმე კიდევ მკლავდა, რამენაირად უნდა შემწყდარიყო.

-მე, რომ დავიღალე მაგას ვინმე ამჩნევს?!- დავიყვირე მე.

-რითი დაიღალე?! ტელეფონიდან თავი არ ამოგიწევია.

-მარტო ტელეფონში ვიყავი?! და წიგნს, რომ ვკითხულობდი, ეგ ვინმემ შეამჩნია?! საერთოდ, ვინმემ შემიმჩნია?! მთელი დღეა საქმე არ მაქვს, დედა და მამა ისევ მუშაობენ და შენ მე მიყვირი!

ბებოს არც შევხედე, ისე გავვარდი საძინებელ ოთახში და ისევ ტელეფონი ავიღე, ვიცოდი, რომ მართალი არ ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, თითქოს სხეული მეწინააღმდეგებოდა, რომ ავმდგარიყავი და ბოდიში მომეხადა.

 მოსაღამოვდა, დედა და მამა დაბრუნდნენ, სუფრა გაშლილიიყო და ყველა შემოვუსხედით. ხელში ტელეფონი მეჭირა, მაგრამ არ ვუყურებდი, ვფიქრობდი, თუ რატომ არ ვიკრიბებით ხოლმე ასე ხშირად ოჯახი და ვიაზრებ, რომ ახლა, როცა ყველა ერთად ვართ, მე თავს კარგად ვგრძნობ, აღარ მაქვს ის გაუგებარი გრძნობა, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ხვალ ის გრძნობა ისევ გამიჩნდება და აღარ გამიქრება.

ყველა ლაპარაკობს თუ როგორ გაატარა თავისი დღე, დედა ჩემს ძმას ელაპარაკება და ვხვდები, რომ მინდა მეც ჩავერთო. მეც მინდა, დედას მოვუყე, რა მოხდა, მეც მინდა, მამას მოვუსმინო და გავიგო, ამჯერად ვის რა მოუვიდა სტადიონზე, მაგრამ ისევ სხეული მეწინააღმდეგება. ტელეფონს ხელს ვერ ვუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ მინდა, რომ მოვისროლო ფანჯრიდან. ყველაფერი, რაც მოხდა, ზუსტად მისი ბრალია.

საჩუქრები გავხსენით და მე ისევ ტელეფონში ვარ, დედა მიყურებს და მთხოვს, რომ გადავდო, აქ ბებო ჩაერთო და დაიწყო ლაპარაკი, რომ მთელი დღეა ხელიდან არ გამიგდია. ნერვები მომეშალა და დასაძინებლად წავედი. ლოგინში დავწექი და დაწოლის წინ ღმერთს ვეუბნებოდი:

-ღმერთო, გთხოვ, მითხარი, რა დავუშავე ჩემს ოჯახს?! რატომ არ შეგვიძლია ყოველ დღე ერთად ყოფნა და რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთის დაფასება?!

ეს სიტყვები რომ ვთქვი, თითქოს ხუთ წუთში დამეძინა და ვნახე სიზმარი. სიზმარში ყველაფერი ნათლად ჩანდა და ისმოდა, ვხედავ, თუ როგორ დგება ბებიაჩემი დილის ექვს საათზე და აბობს, რომ ჩემს ნიკოს ხაჭაპურები უნდა გავუკეთოო, სირცხვილის გრძნობა მაწვებოდა, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, მერე ვხედავ, რომ დედა და მამა სულაც არ იყვნენ სამუშაოზე წასულნი, არამედ საჩუქრებს ყიდულობდნენ ჩვენთის. ვხედავ, როგორ არ ეძინა დედას წინა ღამით, ზუსტად ჩემსავით, მაგრამ მერე ვიაზრებ, რომ ჩემ გამო არ ეძინა. ის ჩემს დაძინებას ცდილობდა, ამიტომ ღამე გაუთენებია. ვხედავ, როგორ მუშაობენ მშობლები და იმასაც ვხედავ, რომ მათ ეს სულაც არ ეხალისებათ. ვხედავ ჩემს ძმას, რომელიც მთელი დღეა ჩემსავით მოწყენილი და უსაქმურია და როგორ უხარია, როცა ჩემ გვერდით ჯდება, ამ მომენტში გამეღვიძა და ვხვდები, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ იყო.

თუ მინდა, რომ ოჯახმა უფრო დიდი დრო დავუთმოთ ერთმანეთს, მაშინ მეც უნდა ვქნა რამე. დილას ბებოს დავეხმარე და მის თვალებში მადლიერება დავინახე, მერე ძმას ვეთამაშე და მასთან ერთად ვხატე, ხოლო ბოლოს ეს ყველაფერი გამოძინებულ დედას მოვუყევი. საღამოს მამასთან ერთადაც კი გავისეირნე. ამას ვთვლიდი მე ჩემს შობის ნამდვილ საჩუქრად.

ხანდახან საკუთარ სხეულს უნდა შეეწინააღმდეგო, რადგან სხვანაირად არაფერი არ გამოგივა.

საშობაო ამბავი

ბარბარე მანწკავა

ალბათ 15 წლის ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მოკლედ რომ ვთქვა, თინეიჯერი ვიყავი და თავი უკვე ძალიან დიდი მეგონა.

შობა ახლოვდებოდა. მე, რა თქმა უნდა, ამ შობის გატარება ჩემს მეგობრებთან მინდოდა, როგორც შეეფერება უკვე დიდ გოგოებს. სამწუხაროდ, იმ დროს ვერ ვხვდებიდი, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით შობა დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. მშობლები და უფროსი დაიკო მარწმუნებდნენ, რომ შობას მათთნ ერთად შევხვედროდი და მეგობრებთან ერთად სხვა დროს გავსულიყავი. მე ეგრევე ერთი ამბავი ავტეხე, რა თქვენი გადასაწყვეტია, მე ვისთან ერთად გავატარებ შობას-მეთქი. არადა, არ ვიყავი რთული ხასიათის გოგო, უბრალოდ, იმ დროს რაღაცა მეტაკა და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, შობა ჩემს კლასელებთან ერთად გამეტარებინა.  ჩავიკეტე  ჩემს ოთახში და ყველა ჩემს გოგო კლასელს ჩამოვურეკე. კარგად მახსოვს, ყველას პასუხი რომ შევიტყვე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ყველამ მიპასუხა, რომ მშობლებთან ერთად უნდოდათ შობის გატარება. ახლა კი ვხვდები, ასე რატომ მიპასუხეს, მაგრამ მაშინ ამას ვერაფრით ვერ ვხვდებოდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ჩემი კლასიდან მხოლოდ მე შემეძლო გართობა და დროს ტარება. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი სხვა, ერთ–ერთი უახლოესი მეგობარისთვის, ტასოსთვის დამერეკა. თავიდან არ მითქვამს, რომ მოდი, შობა ერთად გავატაროთ-მეთქი, უბრალოდ, ვესაუბრებოდი და როცა უკვე სასაუბრო თემა ამოგვეწურა, ვკითხე:

– ხომ არ გინდა შობა ერთად გავატაროთ.

ტასო დამთანხმდა და მე, რასაკვირველია , ძალიან გამიხარდა. შევთანხმდით, რომ ათზე მის სახლთან შევხვედრილიყავით.

შობამდე ორი დღე იყო დარჩენილი და მე ვფიქრობდი, იქამდე რა მოიცდის-მეთქი. ოთახიდან არც გავსულვარ ეგრევე დავწექი დასაძინებლად. მე რა ვიცოდი, რომ უძილო ღამე მელოდა! თვალი ვერ დავხუჭე! მთელი ღამე ჩემდაუნებურად მახსენდებიდა წინა შობები, ყველა ოჯახთან ერთად იყო გატარებული. თვალზე ცრემლი მომადგა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვფიქრობდი, რაში დავხარჯე დრო, არამედ იმიტომ, რომ გასული დღეები, უფრო სწორედ გასული შობები მენატრებიდა. მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო, ტასოც დაპატიჟებული მყავდა და თან იხტიბარის გატეხა არ მინდოდა. თავს ვიმშვიდებდი: არა უშავს, ახლაც გავერთობი-მეთქი, მაგრამ ჩემი თავი სხვა რამეს მიმტკიცებდა, ჩემი საკუთარი ფიქრები ჩემს წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი. ვერ ვიძინებდი, არადა მეძინებოდა, ვგრძნობდი ჩემი ფიქრებივით მძიმე ქუთუთოებს, თვალების დახუჭვა მინდოდა, მაგრამ ვერ ვხუჭავდი. ყველაფერი ამაო იყო, რამდენიც არ უნდა მეცადა დამშვიდება, ჩემი ფიქრები მაინც მიტევდნენ და მიტევდნენ. მშობლებისადმი ბრაზი ნელ–ნელა ჩაქრა, მაგრამ ახლა ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, რა ქენი-მეთქი. მთელი ღამე ამ ბნელ ფიქრებთან ერთად გავატარე, მეგონა, წყვდიადში ვიყავი ჩაფლული და ეს წყვდიადი მარტო ერთ რაღაცას შეეძლო გაეფანტა, სამწუხაროდ, იმ დროს ვერ ვხვდებოდი ეგ ერთი რაღაცა რა იყო. ბოლოს და ბოლოს გათენდა. იმ წუთში მერჩივნა, რომ ღამე ყოფილიყო, რადგან ახლა ოთახიდან გასვლა მომიწევდა და ამის გაკეთება საშინლად არ მინდოდა იმიტომ, რომ ვაცნობიერებდი ჩემს დანაშაულს და უბრალოდ აღიარების მცხვენიდა. მაგრამ ადამიანი დროს ვერაფერს ვერ უზამს და ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს იმის გაკეთება, რაც არ გინდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. რასაკვირველია, ძალიან მომშივდა და მომიწია სამზარეულოში გასვლა, ოღონდ გასვლამდე დაახლოებით ოცი წუთი ფსიქოლოგიურ მომზადებას მოვანდომე. ოთახიდან რომ გავედი, დერეფანი სწრაფად გავირბინე და სამზარეულოში შევიჭყიტე, ჩემდა საბედნიეროდ, იქ არავინ იყო. ძალიან სწრაფად მოვკრიფე საჭმელი, ისევ ელვის სისწრაფით გავვარდი ჩემს ოთახში და ჭამა დავიწყე, ვცდილობდი, რომ ჩემი მწუხარება საჭმლით დამევიწყებინა. ისე მოხდა, რომ ჩამეძინა, თანვერც შევამჩნიე, ისე. დედას ხმამ გამაღვიძა, მეძახდა, მოდი, საჭმელი ჭამეო. მე ვუპასუხე, არ მშია-მეთქი, დედამ ეგრევე თავი დამანება, რადგან იცოდა , რომ გუშინდელი საღამოს შემდეგ ნერვები მქონდა მოშლილი.

მთელი დღე ოთახში გავატარე. დროდადრო სამზარეულოდან მესმოდა სიცილის ხმები და ვფიქრობდი, ალბათ საჭმელს ამზადებენ-მეთქი, მე, დედა და ნინო (ჩემი უფროსი და) ხომ სულ ერთად ვამზადებდით საჭმელს შობის წინა ღამეს. ჩემმა მოგონებებმა ისევ მოიმარჯვეს ფარ–ხმალი ჩემ წინააღმდეგ, ისევ გამახსენდა გასული შობა, ისევ მომადგა ცემლი თვალზე, ისევ ჩავეფალი ტკბილ–მწარე მოგონებებში. ასე ვიჯექი და ყურს ვუგდებდი ჩემს ავ ფიქრებს და აზრებს. საბედნიეროდ , ჩემი შინაგანი ბრძოლა დედის ხმამ შეაჩერა. ‘შეიძლება შემოვიდე?-მეკითხებოდა ტკბილი ხმით. მე სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და „კი-“ვუპასუხე. ის შემოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა საწოლზე. ვცდილობდი, რომ მშვიდი სახე შემენარჩუნებინა, მაგრამ დედას რას გამოაპარებ? შეამჩნია, რომ რაღაც მაწუხებდა. ‘რა იყო ძვირფასო, რამე მოხდა?’-მკითხა უნაზესი ხმით, წუთით შვება ვიგრძენი და გულიც თითქოს დავიმშვიდე, მაგრამ მე ამ მდგომარეობაში როგორ გადავდგამდი სწორ ნაბიჯს?! ვუპასუხე, რომ არაფერი არ მჭირს და ყველაფერი კარგადაა. სწორედ ამ პასუხის შემდეგ მოხდა საშინელება. ‘აბა, რა გადაწყვიტე, ვისთან ერთად გაატარებ შობას?’. ყველაზე მეტად ის მინდოდა ,რომ დედას ეს კითხვა არ დაესვა, მაგრამ მან სწორედ ეს მკითხა. რა უნდა მექნა?  როგორ უნდა მოვქცეულიყავი? რა უნდა მეპასუხა? მე ძალიან მინდოდა ოჯახთნ ერთად გამეტარებინა ეს შობა, მაგრამ, მე ხომ უკვე დავპატიჟე ტასო. ალბათ ნებისმიერი დედას მინდობილი ადამიანი ყველაფერს აუხსნიდა და თავის გულისტკივილს ეტყოდა. ოღონდ მე არა! მე ისევ სისულელე ჩავიდინე და ვუთხარი, რომ მე და ტასო ერთად გავალთ-მეთქი. შევამჩნიე, როგორ დაუწვა ამ პასუხმა დედას გული, თვითონ ეს არ შეიმჩნია, მაგრამ მეც ვერაფერს გამომაპარებ, თუ დედას ან მამას რამე აწუხებს, მე აუცილებლად შევამჩნევ. დედამ უბრალოდ მითხრა, კაი, შენ როგორც გინდა, ისე მოიქეციო და ოთახიდან გავიდა. მართალი რომ ვთქვა, ჩემმა პასუხმა მეც დამიწვა გულო.

აგერ ათის ნახევარიც მოვიდა, ჩემი გასვლის დრო, საწოლიდან მკვდარივით წამოვდექი, ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, ყველა სამზარეულოში იყო, როგორც ჩანს ჯერაც არ დაემთავრებინათ მზადება. არ მინდოდა იქ შევსულიყავი და მეთქვა, რომ წავედი ნახვამდის, ამიტომ ისე გავედი სახლიდან, რომ არავინ გამიფრთხილებია.

მთელი გზა ვფიქრობდი: რა მაგარი იქნებოდა თავის დროზე ერთი ამბავი არ ამეტეხა, ახლა ხომ ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნებოდი, ხომ მივიღებდი მონაწილეობას საჭმლის მზადებაში, ხომ გავერთობოდი მთელი გულით. ვერც კი შევამჩნიე, ისე მივაღწიე ჩემი მეგობრის სახლამდე. ტასო უკვე ეზოში იდგა და მელოდებოდა. შევეცადე, რომ გამეღიმა და დამემალა ეს ჩემი მოწყელინი ხასიათი, ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ მგონი, ასე თუ ისე შევძელი. ტასოს რომ მივუახლოვდი, გადავეხვიე და ერთად გავცილდით მის სახლს.

გზაში ვიცინოდით, მაგრამ მე საშინლად არ მინდოდა სიცილი, ვმხიარულობდით, მაგრამ მე საერთოდ არ მქონდა მხიარულობის თავი, ბოლოს რაღაც პატარა კაფეში შევედით. ამ დროს უკვე თერთმეტი იყო. ტასო რაღაცებს მიყვებოდა, მაგრამ მე საერთოდ არ ვუსმენდი, მე მარტო ერთი რამ მინდოდა, ჩემს სახლში ყოფნა. მერე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გონება გამინათდა, ასე დროის დახარჯვას არ ჯობია, ეს მომენტი მაინც შევირგო? ბოლოს და ბოლოს, შობა ახლოვდება!

სამწუხაროდ, ტასო იმ მომენტში რას მიყვებოდა, ვერ გავიგე, თითქმის ბოლოში იყო გასული მე რომ გამოვფხიზლდი. ამბავს რომ მორჩა, მე დავიწყე რაღაცის მოყოლა. ასე გავატარეთ დრო თორმეტამდე. მერე გარეთ გავედით და თორმეტი საათი რომ გახდა, ერთმანეთს შობა მივულოცეთ, მერე ფეირვერკებს ვუყურებდით და ცხელ შოკოლადს ვსვამდით. დაახლოებით ორის ნახევრისთვის დავიშალეთ და მე სახლში ორისთვის დავბრუნდი. ყველას ეძინა, მე ჩუმად შევედი ჩემს ოთახში და დავწექი. კარგა დიდი ხანი იმაზე ვფიქრობდი , რა სისულელეზე ავტეხე ერთი ამბავი. რის გამო ვნერვიულობდი ასე ძალიან?! ასეთ… არც კი ვიცი როგორი სახელი დავარქვა ამ ფიქრებს, ავი თუ კარგი. თან თავს ვიტუქსავდი და თან, რაღაც მხრივ თავს ვიმშვიდებდი კიდეც. მოდით, ასე ვიტყვი, ასეთ ავ–კარგ ფიქრებში გავატარე დაახლოებით სამი საათი, მერე კი ჩამეძინა.

დილით მე ყველაზე გვიან გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე, მისაღები ოთახიდან უკვე ჟრიამული ისმოდა. სწრაფად ჩავიცვი ტანზე და ოთახიდან გავედი. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რა ლამაზად იყო მორთული ჩვენი სახლი. მისაღებ ოთახში, ბუხრის თავზე უსაყვარლესი საშობაო სათამაშოები იდო, პიანინოს გვერდით ნაძვის ხე იდგა და ზედ შუშის და ზოგი პლასმასის ულამაზესი სათამაშოები ეკიდა, ნაძვის ხეს ასევე სხვადასხვა ფერის, ციმციმა ნათურები ეხვია, თავად პიანინოს სათამაშო თოვლის ბაბუ, მინიატურული ნაძვის ხე და სხვადასხვა ზომის და ფორმის საშობაო ნაქარგები ამშვენებდნენ. როგორც ჩანს, გუშინ ღამით რომ დავბრუნდი, სიბნელის გამო ვერ შევამჩნიე ეს დეკორაციები. რაც ყველაზე გასაკვირია, ეს სათამაშოები და ფიგურები ადრეც მაქვს ნანახი, მაგრამ წელს ისინი რაღაც განსაკუთრებულად მომეჩვენა.

ოთახში შესვლისთანავე დავინახე, როგორ სანსლავდა ჩემი დაიკო შოკოლადის ბურთულებს. მანაც რომ დამინახ, ლუკმა გადაყლაპა და შობა თბილად მომილოცა. დივანზე მამა იჯდა მანაც დანახვისთანავე მომილოცა შობა, თავისთან მომიხმო და თავისი წვეტიანი ტუჩებით შუბლზე მაკოცა. მე დრო არ დამიკარგავს და ჩემს დას მივეშველე შოკოლადის ბურთულების ჭამაში. ოთახში, ცოტა ხანში, დედა შემოვიდა და მე რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა და გულში თბილად ჩამიკრა, მეც საპასუხოდ შემოვხვიე წელზე ხელები და ყურში ჩავრჩულე, ‘გილოცავ შობას!’.

საშობაო ამბავი

ელენე ბახტაძე

ნინა ერთ მდიდარ ოჯახში ცხოვრობდა მის მშობლებთან და ძმასთან ერთად,
უკვე დეკემბერი დამდგარიყო და ნინას კლასში ყველა იმაზე ლაპარაკობდა თუ რას აბარებდნენ თოვლის ბაბუას საახალწლოდ,მაგრამ ნინა არასდროს გამოირჩეოდა ახალი წლის სიხარულით და არც სჯეროდა თოვლის ბაბუის, როცა ეკითხებოდნენ თუ რატომ არ უნდოდა არაფერი ახალ წელს, ის სულ პასუხობდა,რომ უკვე ყველაფერი ჰქონდა მას რაც უნდოდა რადგან მისი მშობლები მდიდრები იყვნენ და ყველაფერს ყიდულობდნენ . ნინას ერთი ღარიბი კლასელი, სახელად ანა ჰყავდა, მას გაჭირვებული ოჯახი ჰყავდა და შესაბამისად ახალ წელსაც არაფერს ისეთს არ ელოდებოდა, მხოლოდ ერთი ვარდისფერი აბადოკი და საახალწლო წინდები უნდოდა. ნინას არასოდეს უმეგობრია ანასთან და საერთოდ არც იცოდა რომ ღარიბი იყო.
ნინას მშობლები ერთ დიდ კომპანიაში მუშაობდნენ სადაც ყველა თანამშრომელი ყოველ წელს საახალწლოდ გაჭირვებულებს ეხმარებოდა. წელს იმ უბნის ბავშვებს ეხმარებოდნენ სადაც ანა ცხოვრობდა და ნინა მშობლებმა იძულებით ძლივს წაიყვანეს მათთან ერთან. ნინას არაფერი აინტერესებდა, არც სწავლა, არც ახალი წელი, არც გაჭირვებულების დახმარება არ უნდოდა. უკვე 28 დეკემბერი დამდგარიყო და ამ სიკეთის გაკეთების დღეც დადგა. ნინა უჟმურ ხასიათზე იყო და ბუზღუნებდა ყველა დეტალზე, თითქმის მოსაღამოვებულიყო, ბევრ ხალხს დაეხმარნენ და ძლივს ანას სახლს მიადგნენ, კარი ანას დედამ გააღო,პატარა სახლი ჰქონდათ და ყველა ერთ ოთახში დამსხდარიყვნენ იატაკზე და ღუმელთან თბებოდნენ, თან საახალწლო ისტორიებს ყვებოდნენ. ნინამ უეცერად იცნო მისი კლასელი და გაშტერებული აიტუზა კედელთან, სანამ მისი მშობლები ოჯახს კამფეტებს ურიგებდნენ ანა სიხარულით შეეგება გოგონას, ნინას უეცრად სიბრალულის გრძნობამ გაუელვა და მან ჯიბიდან ის საყურეები ამოიღო რომლებიც ძალიან მოსწონდა მაგრამ ანასთვის უფრო ემეტებოდა და ანას აჩუქა, ანა გახარებული გაიქცა დედასთან და შეეგება გაბადრული სახით. ნინას წასვლის დროც დადგა და ის ღიმილით გამოემშვიდობა ანას და როცა სახლში მიდიოდა შემდეგ მიხვდა, რომ მდიდრულ ნივთებზე მეტად, სხვისი დახმარებით გამოწვეული ბედნიერების გრძნობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.

შობის ღამე

საბა ორბელაძე

ერთ შობის ღამეს გიო მარტო იყო სახლში. არავინ მიდიოდა მასთან. ახლობლებსაც დრო არ ჰქონდათ, ამიტომაც გიომ მოიწყინა. გავიდა გარეთ სევდიანი. სიარულის დროს ჩაუარა სახლს, რომელიც სავსე იყო ხალხით.  უფრო სევდიანი გახდა და უფრო  და უფრო შეეზიზღა შობა. გაიარა ერთი ქუჩა, გაიარა მეორე ქუჩა  და ამ ქუჩაზე დაინახა მოხუცი ქალი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა ჩანთების  ატანაში.  გიორგი მივიდა და დაეხმარა, მოხუცმა ქალმა  მადლობა გადაუხადა და გიორგის უთხრა: მოდი, შვილო, მე შენსავით მარტო ვარ ამ შობა ღამით. გიორგიმ უთხრა, რომ შობა არ უყვარდა და არსად წასვლას  აპირებდა, მაგრამ ამ მოხუცი ქალის დამზადებული ხაჭაპურის სუნმა შეიტყუა  და დათანხმდა. შესვლისას გიორგიმ დაინახა დიდი სუფრა და გაუკვირდა:

-რატომ არავინ მოვიდა… თან ეს მოხუცი ქალი მგონი  საკმაოდ მდიდარია -გაიფიქრა გიომ , მართალიც აღმოჩნდა,  ეს მოხუცი ქალი მართლაც მდიდარი იყო, მაგრამ ეს უკვირდა გიოს, თუ მდიდარია, ხალს რატომ არ უნდა მისვლა მასთან?  ჯერ გიორგის რცხვენოდა შეკითხვის დასმა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და დაუსვა შეკითხვა ,თუ რატომ არ არის ხალხი , მოხუცმა ქალმა კი უპასუხა:  რადგან მდიდარი ვარ, ხალხს ფულის გამო უნდა ჩემთან. ამიტომაც  ვუთხარი, რომ ფული არ მაქვს და ვერ ვეპატიჟები.

დასხდნენ გიო და მოხუცი ქალი სუფრასთან, დაიწყეს ლაპარაკი თავიანთ ცხოვრებაზე. ბოლოს  გიომ სახლში წასვლა დააპირა . წასვლისას მოხუცმა მადლობა გადაუხადა გიოს სასიამოვნო და გულთბილი საუბრისთვის.   გიომაც მადლობა გადაუხადა მას მასპინძლობისთვის. სახლში როცა მივიდა, გიორგი დაწვა და ღიმილით დაიძინა. სევდა სადღაც გამქრალიყო.

ჩემი საშობაო საჩუქარი

მარიამ სმოევი

იხილეთ ბმულზე: https://www.canva.com/design/DAGcr2II010/LqHMK0PxnGxRkpGbHn_7ew/edit

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *